logo
ENG



"ოცნების" წევრებს მინდა მივმართო, ცოტა შეგრცხვეთ, სად დგახართ - მამუკა ხაზარაძე

10 ოქტ 201914:39
3 წუთის საკითხავი
 
s85mquq765u32e0.jpg

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, დაფიქრდნენ, თუ სად დგანან ისინი. ამის შესახებ ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეიდან ამ საქმეზე კომენტარს აღარ გააკეთებს.

„მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ამ თემაზე არასდროს არ გავაკეთებ კომენტარს, რადგან ამაზე იურისტებმა უნდა ისაუბრონ. უბრალოდ მედიას და საზოგადოებას უნდა ვუთხრა, რომ არასდროს, არანაირი კანონდარღვევა იმ საქმეში, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით, არ ყოფილა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად სუფთა, არა მარტო ამ საქმეში, არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ბიზნესს ვაკეთებთ. შესაბამისად, ამ თემაზე მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ფაქტია, რომ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მოქმედებასთან. უდიპლომო, უცოდინარ ადვოკატთან, რომელიც დღეს მთავარ პროკურორადაა დანიშნული. ასევე, უცოდინარი პროკურორები ურცხვად ითხოვდნენ ჩვენი ადვოკატების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საქმიდან ამოღებას. ეს ხალხი არ არის ღირსი საქართველოს ემსახუროს. ჩვენი ქვეყანა არ არის ღირსი ასეთი სამართალი ჰქონდეს, ამიტომ ჩვენ ამ სიტუაციას შევცვლით. დავტოვებთ ღირსეულ ადამიანებს, საბედნიეროდ, გვყავს ღირსეული იურისტები და მოსამართლეებიც, რომლებსაც დამპალი ვაშლის მეთოდით, სახელს უფუჭებენ. ჩემი გუნდის სახელით გპირდებით, რომ გავწმინდავთ ამ სისტემას და დავტოვებთ წესიერი ადამიანების ხელში. ბიძინა ივანიშვილის საბჭოური მენტალიტეტი, რეიდები, რომელიც რუსეთში ისწავლა და საქართველოში ახორციელებს, ის ტყუილი დაპირებები, რომელიც ორი არჩევნების პერიოდში გასცა, დასრულდება. "ოცნების" წევრებს მინდა მივმართო, ცოტა შეგრცხვეთ, სად დგახართ. თქვენ შვილებს ჩახედეთ თვალებში, რას ჰპირდებოდით ხალხს და რა მივიღეთ. ჩვენ მივიღეთ დიდი ჭაობი. აქ არ არის მარტო მამუკა ხაზარაძეზე საუბარი, აქ არის საუბარი ჩვენს სამშობლოზე, ხვალინდელ დღეზე, შვილებზე, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. სახელმწიფოზე, რომელსაც აუცილებლად ჩამოვაყალიბებთ თქვენთან ერთად, წესიერი ადამიანების წყალობით,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავება.

 


close დახურვა